ENG / RUS       12+

ევროპა "ნავალნის აქტის" მომზადებისთვის ემზადება - რა ელის კრემლს?

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა წინადადება წარადგინა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სანქცირებული რეჟიმის შემოღება მოხდეს, რომელსაც რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სახელი დაერქმევა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსოფლიო მოუწოდებს რუსეთს გამოიძიოს ოპოზიციონერ ნავალნის მიმართ ჩადენილი დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გერმანელი ექიმების წყალობით კი სიკვდილს გადაურჩა. ამ დროისთვის კომიდან გამოსული პოლიტიკოსი კვლავ გერმანულ კლინიკა "შარიტეში" გადის მკურნალობის კურსს.

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერების კვალი ნავალნის ბიოლოგიურ ნიმუშებში. ეს არის გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები. ასევე, ამ მასალებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც (OPCW) იკვლევს. 

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს დაიწყოს გამოძიება ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე და დასაჯოს დამნაშავეები ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თუმცა, კრემლი უარყოფს იმას, რომ ნავალნი მოწამლულია და აცხადებს, რომ გერმანიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი შესაბამისი მონაცემები. ამავე დროს, ბუნდესვერის ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტმა, რომელმაც ნავალნის ბიომასალაში "ნოვიჩოკის" კვალი გამოავლინა, განმარტა, რომ არ შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის საქმის საიდუმლო ვითარებიდან გამომდინარე.

გერმანიის მთავრობის კაბინეტმა ახლახან განაცხადა: "კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს მომხდარის შეფასება მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით ახლო კონტაქტში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მიზნით".

მსოფლიო ლიდერების მკაფიო განცხადებების მიუხედავად, რუსეთის შს მინისტრმაც, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც, საგარეო საქმეთა მინისტრმაც და სხვა რუსმა ჩინოვნიკებმა ვერ დაინახეს ვერაფერი კრიმინალური იმაში, რაც ნავალნის თავს გადახდა. გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ვერ იპოვა იმის საფუძველი, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულიყო. ანუ დღემდე, რუსეთში ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება უბრალოდ არც დაწყებულა. არ არსებობს დაზარალებული, ეჭვმიტანილები, მოწმეები, საგამოძიებო დოკუმენტები ან ოფიციალური ექსპერტიზები. კრემლი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავდაცვის რეჟიმზე გადაერთო და შიდა აუდიტორიაზე მოქმედება დაიწყო. ამ აუდიტორიას კი მსოფლიოში რუსოფობიის ახალი ტალღის შესახებ უყვებიან, იმის შესახებაც, რომ რუსეთს კვლავ მტრები სულ ტყუილად "აშავებენ" და სხვა. მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა, მეორე ნაწილი მარია ზახაროვას ან პესკოვის მორიგ აღშფოთებულ განცხადებებს განიხილავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაწყენია იმაზე, რომ გერმანელები თავისი გამოძიების და კვლევების შედეგებს რუსებს არ უზიარებენ, ხოლო ბრიტანელებთან აბსოლუტურად გახსნილად თანამშრომლობენ. სინამდვილეში კი ვითარება ბევრად მარტივია-რუსულ საგარეო უწყებას სწყინს, რომ მას ანალიზების შედეგებს არ აცნობენ, მაგრამ რა შუაშია საგარეო უწყება, ის ხომ საგამოძიებო ორგანო არ არის? საგამოძიებო ორგანო კი მომხდარზე გამოძიებას არ იწყებს... ასევე, პაციენტი გერმანულ კლინიკაშია და გერმანელ ექიმებს აბსოლუტური უფლება აქვთ ითანამშრომლონ მათთან, ვისაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ-მაგალითად პაციენტის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან... გერმანელებმა გადაწყვიტეს ნავალნის ბიოლოგიური მასალა გავლენიანი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისთვის (OPCW) გადაეცათ და სწორადაც მოიქცნენ, როდესაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ადამიანი აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთს კი შესაბამის კითხვებს სულ ცოტა ხანში დაუსვამენ, მაშინ როცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლით იქნება მიზანშეწონილი.

რამდენიმე დღის წინ, გერმანელმა ქიმიკოსმა, ბუნდესვერის ქიმიური დაცვის დანაყოფის ოფიცერმა მარკ-მიხაელ ბლუმმა, "ნოვაია გაზეტა"-ს ინტერვიუ მისცა. ბლუმი 2018 წელს ხელმძღვანელობდა OPCW-ს იმ ლაბორატორიას, რომელიც სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე თავდასხმის დეტალებს იძიებდა. ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოძიების საქმეში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ჩართვას, რადგან რომელ ქვეყნის ტერიტორიაზეც არ უნდა მოხდეს მომწამვლელი ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს დანაშაული აუცილებლად ხვდება ამ ორგანიზაციის იურისდიქციაში.

ბლუმი ამბობს შემდეგს: "OPCW შეიძლება შემოვიდეს თამაშში, თუ კი მიიღებს მოთხოვნას ორგანიზაციის რომელიმე წევრი ქვეყნისგან. თუ კი ის ამ საქმეს მოკიდებს ხელს, აუცილებლად ჩატარდება ნავალნის ბიო მასალის დამატებითი ანალიზი მინიმუმ კიდევ ორ ლაბორატორიაში". 

ნავალნი ამ დროისთვის თავს უკეთ გრძნობს, მისი მეგობრები მის გადარჩენას ზეიმობენ, კრემლი კი ათასგვარ ხრიკს იგონებს, რათა პასუხისმგებლობა თავიდან ისევე აიცილოს, როგორც აქამდე არა ერთხელ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ექიმმა ბლუმმა აღნიშნა , თუ კი უკვე საქმეს OPCW მოკიდებს ხელს და ამდენი მიუკერძოებელი ლაბორატორია გამოავლენს „ნოვიჩოკის“ კიდევ ერთი გამოყენების ფაქტს, რუსეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის მოწამვლის პრეცედენტი საბოლოოდ დამტკიცდება. ამ შემთხვევაში კრემლს ზახაროვას თუ პესკოვის ცინიკური განცხადებები უბრალოდ ვერანაირად უშველის.

რევაზ კურტანიძე