ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადენილ რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო, დღეს შეექმნა პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი.
მისი თქმით, სუროგაცია მარტოხელა მშობლისთვის არც 2012 წლის აპრილში იყო და არც დღეს არის დაშვებული.
„როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით“, - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ დღეს არის შემოტანილი მკაცრი რეგულაციები, იმისთვის, რომ ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში.
„ არამხოლოდ ბავშვის, არამედ სუროგატი დედის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100 % საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90 % არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები, ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. რაც შეეხება კლასიკურ ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ არავითარი ახალი რეგულაციის შემოტანის უფლება იუსტიციის მინისტრს არ აქვს და შესაბამისად, არავითარი ახალი რეგულაცია, კლასიკურ ხელოვნურ ინვიტრო განაყოფიერებასთან არ არის. ამიტომ მარტოხელა დედებსაც შეუძლიათ, კლასიკური ხელოვნური განაყოფიერება, როგორც ჰქონდათ დაგეგმილი – აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში გააკეთონ, ჩაიტარონ და მათ ამაში მხოლოდ და მხოლოდ დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა წულუკიანმა.