"ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც ლელო პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას, - განაცხადეს ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ ბრიფინგზე.
"ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც ლელო პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას. თუ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი არის დაუყოვნებლივ მისაღები", - აცხადებს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში უნდა შეიზღუდონ ის პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში რუსეთთან.
"მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია, ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება, გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, – ამბობს კობერიძე.