გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. სხდომაზე, უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.
"პროკურატურის ბრალდება არის უსაფუძვლო, რადგან ე.წ. გარდაცვალების, მოკვლის ადგილზე, ჩვენ არ ვიცით იქ მოკვდა არ მოკვდა. არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი გამოძიებას. იმდენად უსუსურია პროკურატურა და გამოძიება, გარდაცვალების ადგილზე არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი და ეყრდნობიან ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის საუბრებს”, - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძემ.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ "საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.