ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დანაშაულის ჩამდენი პირები, მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრზე, - ამის შესახებ, ოჯახის ადვოკატმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„რამდენჯერმე ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მძღოლთან მიმართებით, არ ვიცოდით რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, რადგან სპეციფიკური ამპლუა იყო. ვგულისხმობ დროს და გავლილ ქრონომეტრაჟს. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.
მისი თქმით, დღეს არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახი ფიქრობს, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება.„ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში ამ საქმეს არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული უკვე დაკმაყოფილებულია“, - აღნიშნა ნიკოლაძემ.
ნიკოლაძის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად დადგინდა, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მგზავრების გარდა, სხვა მანქანები, სხვა პირები და გარეშე ადამიანები შემთხვევის ადგილზე ფიზიკურად არ იყვნენ და ამ დანაშაულს სხვა ვერავინ განახორციელებდა. „ამიტომ დაზარალებული ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ვგულისხმობ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.