წესებს თუ არ დავემორჩილებით, მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მესტიის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვამბობთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონამ თვალნათვლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, არის, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები. მესტია, პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია", - განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს.