საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მან სააკაშვილის განცხადებები პირად შეურაცხყოფად მიიღო.
"არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრად არა, ფერადად აზროვნებს ხალხი. არის კიდევ ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ. აქვთ კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება. ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება სამშობლოდან შორს რომ ხარ რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება. ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც მე არც არავის მივცემ”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყოფილი თანამებრძოლი ბნელ მხარეს გადავიდა.
ახლა რაც ხება, ეს არის ჩვეულებრივ, თავიდან ბოლომდე, ბიძინა ივანიშვილის თამაში. ბიძინა ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016-ში 2018-ში და ცდილობს ახლაც, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, რომელმაც "ძალა ერთობაშია" დატოვა და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
"ფაქტია, გადავიდა [გიორგი ვაშაძე] ბნელ მხარეს. არასწორ მხარეს. არის ბნელი და არის ნათელი. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაიყვანა, ვინ გადაიყვანა", - თქვა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ "მასზე დიდი დრო დავხარჯო".