მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" და მისი პარტნიორი ორგანიზაცია "ქრისტიანული საქართველო" ბადრი ბენიძის დაპატიმრებას და სამეგრელოში 13 ნოემბერს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ და მას ოპოზიციის დატერორების მორიგ გამოვლინებად აფასებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრიტიანული საქართველოს" ლიდერმა ავთანდილ დავითაიამ განაცხადა, ხელისუფლებამ 13 ნოემბერს სამეგრელოში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არასამართლებრივი მეთოდები გამოიყენა.
დავითაიას განცხადებით, 13 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონში გამართულმა ფართომასშტაბიანმა ღონისძიებებმა ხელისუფლება გააღიზიანა და მმართველმა გუნდმა ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერთა აქტიურობას სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში პროვოკაციებით უპასუხა. დავითაიას თქმით, პროვოკაციის ნაწილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორის ბადრი ბენიძის დაპატიმრება.
"კონფერენციის ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფაზე უარის თქმა სენაკში; კონფერენციის მსვლელობის დროს ელექტროენერგიის გათიშვა ჩხოროწყუში; ღონისძიების ჩასატარებელი შენობის კარის აჭედვა წალენჯიხაში; მოძრაობის სამი აქტივისტის დაკავება, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაყვანა და მხოლოდ კონფერენციის დასრულების შემდეგ მათი გათავისუფლება; საპატრულო პოლიციის მიერ ღონისძიებაზე მიკროავტობუსებით მიმავალი აქტივისტების შეფერხება და მძღოლებისთვის მართვის მოწმობების ჩამორთმევა; ათეულობით მოწმის თვალწინ სრულიად უდანაშაულო ბადრი ბენიძის დაკავება და მისი "ოპერატიულად" გასამართლება, _ ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ არასამართლებრივი და უზნეო მეთოდებისა, რომელიც ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ 13 ნოემბერს სამეგრელოში გამოიყენა. ბევრს ეგონა, რომ სამეგრელოში ვერ შევიდოდით, მაგრამ როდესაც იქ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩავატარეთ, ამან ხელისუფლება შოკში ჩააგდო და პროვოკაციული ქმედებებისკენ უბიძგა. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის აგონია. ასეთი ქმედებებით მმართველი ძალა კიდევ უფრო აჩქარებს ხელისუფლებიდან წასვლას", _ განაცხადა ავთანდილ დავითაიამ.