სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის ნეაპოლში, სან კარლოს საოპერო თეატრში გამოსვლას იტალიური მედია ტრიუმფალურსა და გამაოგნებელს უწოდებს.
ქართველმა მეცოსოპრანომ ჯუზეპე ვერდის ლეგენდარულ ოპერა "აიდაში", ამნერისის პარტია იმღერა.
"მთელი შემადგენლობიდან გაოგნებული ვრჩებით ანიტა რაჭველიშვილის უზარმაზარი და სტიქიური ხმით. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი მუქი, ჭეშმარიტი დრამატული მეცო სოპრანოს ვოკალი სავსე, უხვი, სივრციანი და დამბურძგლავი დაბალი რეგისტრით. გარდა მდიდრული ვოკალისა ასევე აღსანიშნავია მისი მრავალფეროვანი ინტერპრეტაცია: რაჭველიშვილის ამნერისი არის ტემპერამენტული, შეყვარებული, ეჭვიანი, შურის მაძიებელი და ოპერის დასასრულს მავედრებელიც. მის მიერ შექმნილ კომპლექსურ ფსიქოლოგიურ ხასიათს არაფერი აკლია. ყოველი მომენტი გაჯერებულია ექსტრაორდინალური ვოკალური შესაძლებლობებით, მეტად შთამბეჭდავია მისი ხმის მოცულობა, ასევე ფერების პალიტრა და დიაპაზონი. ამ ყველაფერს კი სათავეში უდგას ტექნიკური თავდაჯერებულობა და სტაბილურობა. მაგრამ ტექნიკური ასპექტი მუდამ თავბრუდამხვევი, ექსპრესიული და რაფინირებული ინტერპრეტაციის სამსახურშია და არასდროს თვითმყოფადი. ღირსსახსოვარია მთლიანი განსჯის სცენა, განსაკუთრებით მისი ქურუმების მიმართ ვედრება. ამ სცენით რაჭველიშვილი გვირგვინს ადგამს საკუთარ უკიდეგანო შესაძლებლობებს. სპონტანურობით გამოირჩევა ქართველი მომღერლის ლეგატო, რომელიც მისი ბუნებრივად ძლიერი და რეაქტიული ხმის წყალობით არასდროს საჭიროებს ფორსირებულ ან ხელოვნურ ჟღერადობას. ანიტა რაჭველიშვილის ქარიზმატული ინტერპრეტაცია გულუხვი და სრულიად დამსახურებული ოვაციით დააჯილდოვა ნეაპოლელმა მსმენელმა", - წერს გამოცემა L'ape Musicale.
"საღამოს კულმინაცია იყო ანიტა რაჭველიშვილის ამნერისი, მეცო სოპრანო კონტრალტოს ელფერებით, რითაც ბოლომდე გაჯერდა ნეაპოლის პიაცა. მისი ინტერპრეტაცია გაჟღენთილი იყო ვნებით და მძლევარებით. შეუძლებელია გაშიფრო რაჭველიშვილის ვოკალური კალეიდოსკოპი. როგორი დიდი სიამოვნებით მოვისმენდით მას როსინის ან დონიცეტის ოპერებში! მომნუსხველი იყო სცენა და დუეტი აიდასთან", - წერს გამოცემა GazzaMerlina.
"ძალა და სინათლე მიჰყვებოდა წითელ ხაზად ანიტა რაჭველიშვილის ამნერისს. რბილი და კომპაქტური იყო მისი ხმა პირველი აქტის დუეტში " Forse l"arcano amore" . საწინააღმდეგო ვოკალური პალიტრით შეასრულა ქართველმა მეცო სოპრანომ დუეტი მის მეტოქე აიდასთან "Fu la sorte dell'armi". მაგრამ ყველაზე დიდის შთაბეჭდილება რაჭველიშვილმა ბოლო აქტის დასაწყისში მოახდინა სცენაში "L'aborrita rivale a me sfuggia" და რადამესთან დუეტში "Gia i sacerdoti adunansi", - წერს გამოცემა Connessi all'Opera.
ფოტო: Patry Jikia