ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპანია "ფრონტერას" და მისი ლობისტების მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობას.
მინისტრის თქმით, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დიდი მნიშვნელობა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანია "ფრონტერას" საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცა.
"ვაფასებთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ძალიან ვაფასებთ იმ საინვესტიციო გარემოს, რაც გააჩნია საქართველოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ფრონტერა" დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაო.
აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, არის უსუსური, არაფრისმომცემი და შედეგი დადგება ის, რომ უხერხულობაში ჩავარდებიან ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ მცდარი ინფორმაცია იქნება მიწოდებული "ფრონტერას" და მისი ლობისტების მხრიდან”, - განაცხადა თურნავამ.