არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ნახსენებია არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს მფარველობს.
მისი თქმით, აღნიშნულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„ ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამც თუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შაქარაშვილის ასე ვერაგულად და დაუნდობლად სიცოცხლის მოსწრაფებაში. მე გამოძიებას ვენდობი. პენიტენციური სამსახური, სადაც მოცემული პირები ბრალდებულების სტატუსით არიან განთავსებულნი, ყველა პირობას უქმნის გამოძიებას, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს, სწრაფად დადგინდეს ჭეშმარიტება. რაც შეეხეება ბრალდებას, მე მაქვს ჩემი პასუხი, თუმცა ეს ისეთი პასუხია, რომ იმ ძალიან ლამაზ კანონს გადაფარავს, რომელიც დღეს არის მთავარი თემა ჩვენთვის. შემდგომი დისკუსიისთვის შეგვიძლია შემოვინახოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.