გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ თუ ის ადამიანები გათავისუფლდებიან, რომლებიც არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ, ეს დანაშაულის დაფარვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მირიან ნიკოლაძეს საგამოძიებო უწყებასთან პრეტენზია არ აქვს.
„ტოიოტა ქემრის ავტომობილის მგზავრების გათავისუფლება ნიშნავს, რომ უნდა შევუწყოთ ხელი დანაშაულის კვალის დაფარვას, დამნაშავეებს შორის აქტიურ კონტაქტს და იმას, რასაც ისინი თვითონ ახორციელებენ, რომ არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მიზანი აქვთ ის, რომ ყველაფერი იყოს დაბლოკილი და ჩაკეტილი. თუ ეს უნდა მოხდეს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. კითხვები გვიჩნდება და გავდივართ გამოძიებასთან, მაგრამ პრეტენზიები არ მაქვს“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე "ფორმულასთან" საუბრისას.
27 ივნისს გაიმართება იმ სრულწლოვანი პირების სასამართლო პროცესი, რომლებიც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არიან დაკავებულები. ორშაბათს დანიშნულ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადახედვაზე. 31 ივლისს არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მის ცხედარს 22 ივნისს მდინარე არაგვში მიაკვლიეს.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.