COVID-19-ის 24 ახალ შემთხვევას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვითარება საყურადღებოა:
„მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ ჩვენთან მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, არა ბატონო, ჩვენ არ დაგვიმარცხებია, კორონავირუსულ პანდემიის დამარცხება მოხდება ერთიანად, გლობალურად, ეს ვერ მოხდება ცალცალკე ქვეყნებში.
განსაკუთრებულად ცხელი წერტილი გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ გაჩიანის დასახლებაში სადაც 3 სოფელი შედის ყარაჯალარი, ყარათაქლა და აღთაქლი, ორ სოფელში ყარაჯალარი, ყარათაქლაში გვაქვს ერთად აღებული 34 შემთხვევა. დღევანდელი შემთხვევებიდან 10 არის სწორედ ამ ე.წ გაჩიანის კლასტერიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ სოფლებში 7 გზა შედის და ყველა გზაზე განსაკუთრებული კონტროლია და პრევენციული ღონისძიებები ტარდება, კერძოდ თერმოსკრინინგი.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულებაა.
"სამწუხაროდ მოსახლეობისგან შემხვედრი ნაბიჯები არ იყო გუშინ. მიუხედავად იმისა, რომ 6 ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-1000 ნიმუშამდე. 10 იყო დადებითი, ანუ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან. ჩვენ გვინდა რომ დროულად გამოვავლინოთ და ჩავაქროთ ეს ცხელი წერტილი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დასახლების მაცხოვრებლები ბაზრობებზე მუშაობდნენ, სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რათა დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მიერაა გაცემული.
"თუ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობის მხრიდან მეტი თანამშრომლობა არ იყო, შესაძლებელია საჭირო გახდეს რადიკალური ზომების მიღება და ამ სოფლების იზოლირება", - დასძინა გამყრელიძემ.
"მე არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან და არ მოგვეცა საშუალება, რომ ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ. მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ 3 სოფლის იზოლირება. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ მანამდე ვთხოვთ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.