ამერიკელი პოლიტიკოსი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯონ ლუისი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც იუწყებიან კონგრესმენი პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.
"დღეს ამერიკა გლოვობს ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, კონგრესმენი ჯონ ლუისის, კონგრესის სინდისის დაკარგვას", - ასე გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანაპარტიელის გარდაცვალებას.
დემოკრატი კონგრესმენი ჯონ ლუისი იყო სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის გამოჩენილი ლიდერი. წარმომადგენელთა პალატაში იგი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტას წარმოდგენდა 34 წლის განმავლობაში.
ჯონ ლუისმა უდიდესი წვლილი შეიტანა შეერთებულ შტატებში 60-იან წლებში დაწყებული სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაში. ის 1963 წელს, მარტინ ლუთერ კინგის მიერ ორგანიზებული ვაშინგტონის მსვლელობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.