შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა სამხედრო ობიექტებზე კონფედერატების დროშის გამოყენება აკრძალა. იტყობინება Politico.
მარკ ესპერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა მემორანდუმი, სადაც ჩამოთვლილია დროშები, რომლებიც შეიძლება განთავსდეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ არსებულ ობიექტებში. კონფედერაციული არმიის დროშა ამ სიაში არ არის.
ჩამონათვლის მიხედვით სამხედრო ობიექტებზე შესაძლოა მხოლოდ შეერთებული შტატების, მისი ტერიტორიების, მოკავშირეების, პარტნიორების და იმ ორგანიზაციების დროშები, რომელთა წევრიც არის აშშ, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იცავდა კონფედერატების დროშის გამოყენების შესაძლებლობას და მიიჩნევდა, რომ მისი გამოყენება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა.
კონფედერატების დროშის აკრძალის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას შეერთებულ შტატებში მასობრივი ანტირასისტული მოძრაობა მოჰყვა.
ბოლო კვირების განმავლობაში კონფედერაციასთან დაკავშირებული უამრავი ქანდაკება აიღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
მაისის მიწურულს მისისიპის შტატმა გადაწყვეტილება მიიღო შტატის დროშიდან კონფედერატების სიმბოლო ამოეღო.
კონფედერატები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების აჯანყებული შტატები, რომლებიც გამოეყვნენ ამერიკას და დააფუძნეს ამერიკის კონფედერაციული შტატები. აჯანყების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სამხრეთულ შტატებს არ სურდათ მონობის გაუქმება, რადგან მათი მეურნეობა მთლიანად მონების შრომაზე იყო დაყრდნობილი.