თურქეთის ხელისუფლებამ 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია სოფიას სტატუსი შეუცალა და მუზეუმიდან მეჩეთად გადააკეთა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
"ჩვენ შევასრულეთ ჩვენი 83 მლნ მოქალაქის სურვილი. 1934 წელს ვინ გადააკეთა ის მუზეუმად? ახლა კი გამოვასწორეთ ეს შეცდომა. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა", - განუცხადა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა არა ეკლესიიდან, არამედ მუზეუმიდან.
ფათიჰის (მეჰმედ მეორე) დროს ის დანგრეული სახით გვერგო, შემდეგ ჩვენ ის საგანძურად ვაქციეთ, საუკუნეების განმავლობაში ვუვლიდით, ვაფართოვებდით, უფრო ვალამაზებდით. ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც მოვუვლით აია სოფიას, როგორც საგანძურს, როგორც კულტურულ ღირებულებას", - განაცხადა ერდოღანმა.
მან დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლება ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას.
"ჩვენ არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, პირიქით, პატივს ვცემთ მათ. ჩვენთან 4-5-ჯერ მეტად ვაშენებთ არამუსლიმებისთვის საკულტო ნაგებობებს, ვიდრე ევროპაში აკეთებენ ამას მუსლიმებისთვის", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 10 ივლისს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამ გადაწყვეტილებისთანავე პრეზიდენტმა ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტაძრის მეჩეთად გადაქცევისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.