სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არ გამორიცხა, რომ პროკურატურას შაქარაშვილის საქმის მასალების გასაცნობად მიმართოს. ის უახლოეს დღეებში გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს შეხვდება და შემდეგ გადაწყვეტს, რა ფორმით ჩაერთვება საქმეში.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას. ჟურნალისტებიც აქტიურად აშუქებენ საქმეს. სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში დაასრულებს შეხვედრებს და მონახულებას როგორც ბრალდებულების, ასევე შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც მექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყევტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ საქმეში ჩართულობას.
არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, გაგვაცნოს საქმის მასალები. თუმცა, პირველ რიგში ოჯახის წევრებს უნდა ვესაუბრო და მათგან მოვისმინო იმ შეკითხვების თაობაზე რაც მათ აქვთ და რის გამოც შეიძლება საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობა სურდეთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.