ჯერჯერობით ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლის მიხედვით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს, თუმცა დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.
„ მოგეხსენებათ, რომ ჯერჯერობით ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია ქვეყანა - საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის წინასაარჩევნო შიდა მაღალი ტემპერატურა, შიდა დაძაბულობა გარეთაც გადის, მაგრამ მოგეხსენებათ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, მსგავსი ინტერპრეტაციები იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, ცვლილებების მერე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, მათ ძალიან კარგად დაინახეს რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ნებისმიერი რეაქცია ყურადსაღებია.
პრემიერ-მინისტრი განვითარებულ პროცესებს ოპოზიციის მიერ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის მცდელობად აფასებს.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან და გერმანიის ელჩთან ერთად ასურეთის გერმანული დასახლება დაათვალიერა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.