შეერთებული შტატების 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდა.
კრიტერიუმებს, რომლებზეც იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის შეჩერება, კიდევ ერთი პირობა დაემატა - მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა.
აღნიშნულია, რომ მომავალ წელს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან სულ მცირე 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ამ თანხის 15% შესაძლოა შეჩერდეს, ვიდრე წარმომადგენელთა პალატას არ წარედგინება სახელმწიფო მდივნის მოხსენება, სადაც დადასტურებული იქნება საქართველოს მთავრობის ქმედითი ნაბიჯები დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.
"ამ კანონპროექტით გამოყოფილი თანხის 15%-ის გაცემა არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს:
ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით;
ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენების მიმართულებით;
გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს უცხოური ბიზნესის თავისუფალ, შევირწორების გარეშე საქმიანობას, რათა სრულად შეძლონ კომერციული და ფინანსური სარგებლის მიღება, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს;
დ) მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა", - ნათქვამია კანონპროექტში.
აღნიშნული კანონპროექტი უკვე დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატის ასიგნებები კომიტეტის ქვეკომიტეტმა. ამის შემდგომ ის ასიგნებების კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაფინანსების შეჩერება არ გავრცელდება იმ პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებისკენ.