ENG / RUS       12+

რატომ სურთ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, სტამბოლში მდებარე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს. თუმცა, მის ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება, როგორც თურქეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

აია სოფია არამხოლოდ სტამბოლის სიმბოლოა, ის ასევე თურქეთში ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია. აია სოფია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

ტაძარი უზარმაზარი გუმბათით, შთამბეჭდავი ინტერიერით, უნიკალური ელინისტური სვეტებით, ბიზანტიური მოზაიკური ფრესკებით, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

აია სოფია ყოველთვის იყო არამხოლოდ არქიტექტურული შედევრი, არამედ პოლიტიკური სიმბოლოც.

მონუმენტური ნაგებობა მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე პირველის განკარგულებით აშენდა.

აია სოფია. ფოტო: Getty Images

1453 წელს ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთან მეჰმედ II-ის დავალებით ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა.

1935 წელს თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა მიიღო სიმბოლური და, ამავდროულად, პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვით აია სოფია მუზეუმად გადაკეთდა.

თანამედროვე თურქეთი სეკულარული სახელმწიფო", - ამ პოლიტიკური გზავნილით იყო ნაკარნახევი ათა თურქის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ერდოღანი ათა თურქის წინააღმდეგ

მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი

თურქეთის პრეზიდენტი და, ამავდროულად, მმართველი პარტიის ლიდერი, რეჯებ ტაიპ ერდოღანის გეგმით, აია სოფია კვლავ უნდა გახდეს ადგილი, სადაც მუსლიმური ლოცვები უნდა აღევლინოს.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების სურვილი და წინადადება თურქეთში ადრეც გამოუხატავთ, თუმცა ამ იდეის მომხრეები მიზანთან ასე ახლოს, როგორც ახლა, არასდროს ყოფილან.

თურქეთის უზენაესი სასამართლო უახლოეს დღეებში, 17 ივლისს გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა შეიცვალოს აია სოფიას სტატუსი პრეზიდენტის დეკრეტით.

ზოგიერთი მოსაზრებით, ერდოღანის გადაწყვეტილება პოპულისტურია და მიზნად ისახავს მმართველი პარტიის ირგვლივ ელექტორატის შემოკრებასა და შემომტკიცებას, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, სხვადასხვა გამოკითხვით, ერდოღანის პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვად არის შემცირებული.

ამ ფონზე, ერდოღანი კვლავ ცდილობს გააღვივოს ნაციონალისტური სენტიმენტები თურქულ საზოგადოებაში.

ერდოღანის ბევრი მხარდამჭერისთვის აია სოფია არის ოსმალთა მიერ ქრისტიანული კონსტანტონოპოლის დაპყრობისა და ისლამის, როგორც ქრისტიანობაზე უპირატესი რელიგიის სიმბოლო.

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობის სიმბოლო

ერდოღანის ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, როგორც თურქეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი მტკიცედ ეწინააღმდეგება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას.

"ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია და ის ეკუთვნის არა მხოლოდ მის პირდაპირ მფლობელებს, არამედ მთელ კაცობრიობასაც",- თქვა პატრიარქმა სტამბოლში საეკლესიო მსახურების დროს.

აია სოფია, ინტერიერი, მოზაიკური ფრესკა.

თურქეთის ბერძნული სათვისტომოს მეთაური ნიკოლას უზუნოღლუ წუხს, რომ აია სოფია პოლიტიკური დავის საგანი გახდა.

"ეს ისტორიული ნაგებობა სხვადასხვა რელიგიასა და ცივილიზაციას შორის მშვიდობის სიმბოლოა. განცხადებები აია სოფიას "მახვილით დაკავების შესახებ" შეშფოთებას უნდა იწვევდეს თურქეთის საზოგადოებაში", - განაცხადა უზუნოღლუმ.

აია სოფია - მსოფლიო მემკვიდრეობა

აია სოფიასთვის სტატუსის შესაძლო ცვლილება აწუხებთ ისტორიკოსებსაც.

"აია სოფია 1500 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მსოფლიოს ორ უდიდეს რელიგიას ისე, რომ მისი არქიტექტურის ფუნდამენტური ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. ასეთი ნაგებობი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია და მათ დაცვა, გაფრთხილება სჭირდებათ", - განაცხადა სტამბოლში მდებარე ბოსფორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ედჰამ ელდემმა.

მისივე თქმით, აია სოფია მსოფლიოს ცივილიზაციის საერთო კუთვნილებაა.

"ნამდვილად გვსურს ამ მემკვიდრეობის იზოლირება და დამალვა? განა უკეთესი არ იქნება რომ ის მთელი მსოფლიოსთვის იყოს ღია?" - დასძინა პროფესორმა.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ისლამის თეოლოგი, იჰსან ელიასიკი. მისი აზრით, რელიგიური თვალსაზრისით არ არსებობს ტაძრის მეჩეთად გადაქცევის საფუძველი.

"აკრძალულია კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების იძულებითი მითვისება", - დასძენს  ელიასიკი.

აია სოფია, ფოტო: Reuters

სულ რამდენიმე დღე გვაშორებს იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც განსაზღვრავს აია სოფიას ბედს.

წყარო: Deutsche Welle