დღეიდან, გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თავმჯდომარეობა გერმანიამ ხორვატიისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.
ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას გერმანია ფოკუსირებული იქნება კორონავირუსის კრიზისის შედეგების დაძლევასა და მსოფლიოში ევროპის როლის გაძლიერებაზე.
გერმანიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"1 ივლისს გერმანიამ ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ჩვენი პრიორიტეტებია: კორონა-კრიზისის დაძლევა, დიგიტალიზაცია, სამართლიანობა, მდგრადობა, ჩვენი ერთობლივი ღირებულებები, ევროპა მსოფლიოში და ევროპული კულტურა", - ნათქვამია განცხადებაში.