გაკვირვებული ვარ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლულარიზმს საქართველოს პარლამენტში.
როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს", - აღნიშნა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქრინშმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენაზე იმსჯელეს.