ENG / RUS

პუტინის "შეშლილი მეგობარი" მარინ ლე პენი რუსულ ვალს ვერ იხდის

ფრანგი ულტრამემარჯვენე და პოპულისტი მარინ ლე პენის პარტია "ნაციონალური გაერთიანება" (წარსულში "ეროვნული ფრონტი") რუსებისგან აღებულ კრედიტს ვერ ფარავს. საფრანგეთის არჩევნებში მონაწილეობისთვის განკუთვნილი კრედიტი, მარინ ლე პენმა რუსულ-ჩეხური ბანკისგან 2014 წელს მიიღო. კრედიტი მას ევროპულმა ბანკებმა არ მისცეს. ორი წლის შემდეგ, რუსულ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა და დავალიანება ნაკლებად ცნობილმა რუსულმა კომპანია "კონტიმ" გადაიბარა, რომელმაც შემდგომში ფრანგული პარტიის ფინანსური ვალდებულება სხვა რუსულ კომპანია "ავიაზაპჩასტს" გადაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ "ავიაზაპჩასტის" მენეჯმენტს რუსულ სპეცსამსახურებთან საკმაოდ ახლო კავშირები გააჩნია - კომპანიის ვიცე-დირექტორი და ბორდის წევრი ევგენი ბარმიანცევი  ცნობილი რუსი სამხედრო მზვერავი, რუსეთის გმირის წოდების მქონე ადამიანი იყო. კომპანიის ყოფილი ბუღალტერი "ФСБ"-ის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის და - ტატიანა ლიტაგინა იყო, ხოლო კომპანიის მეწილე ვალერი ზახარენკოვი რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებით და ნაწილებით უკანონოდ ვაჭრობდა.

2017 წელს ფრანგულმა პარტიამ 2019 წლის სექტემბერში დასაფარი სესხის არალეგალურად ცნობა მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს, ვალის დასაბრუნებლად "ავიაზაპჩასტმა" მარინ ლე პენის პარტიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. წელს, 3 ივნისს, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფრანგულმა პოლიტიკურმა პარტიამ 9 მილიონი ევრო, ეტაპობრივად, 2028 წლამდე უნდა დაფაროს.

ფრანგული პარტიის დავალიანების ზუსტი მოცულობა უცნობია, რადგან საეჭვო წარმომავლობის რუსული ფული 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ფიგურირებდა. მაშინ მარინ ლე პენისთვის ფინანსების მოძიებას უშუალოდ უცხოელ თანამემამულეთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებში პუტინის მაშინდელი სპეცწარმომადგენელი ალექსანდრე ბაბაკოვი კურირებდა.

ვინ არის მარინ ლე პენი

პროფესიით იურისტი მარინ ლე პენი საფრანგეთის "ნაციონალური გაერთიანების" (წარსულში "ნაციონალური ფრონტი") ლიდერია. პოლიტიკაში ყოფნა მარინ ლე პენს ფაქტობრივად მემკვიდრეობით ერგო. მან პარტიის ლიდერის პოსტზე მამა - ჟან მარი ლე პენი შეცვალა. ასევე, მარინ ლე პენი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრია.
ლე პენი ადრე თუ არალეგალი მიგრანტების უფლებებს აქტიურად იცავდა, შემდეგ ყოველივე არანორმალურ და უკონტროლო პროცესად შეაფასა და საფრანგეთის ჩაკეტვის იდეას მიემხრო. 2010 წელს ლიონში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, მარინ ლე პენმა საფრანგეთში მუსლიმების მზარდი იმიგრაცია ფაშისტური გერმანიის ოკუპაციას შეადარა, რის გამოც იგი ისლამოფობიაში დაადანაშაულეს.

ოდიოზური ფრანგი პოლიტიკოსის კიდევ ერთი სკანდალი სოციალურ ქსელში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მსხვერპლის დასახიჩრებულ ფოტოს უკავშირდება, რომელიც მან "ტვიტერზე" 2015 წელს გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, მარინ ლე პენმა სოციალური ქსელით კიდევ რამდენიმე ძალადობის ამსახველი ფოტო გაავრცელა, რის გამოც საფრანგეთში მის მიმართ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული შემოწმების გავლა მოსთხოვა და მას "შეშლილი" უწოდა.

პუტინის "შეშლილი მეგობარი"

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ვალებში ჩაფლული პოპულისტი მარინ ლე პენი პუტინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბრალდებას "აბსურდულს" და "დამამცირებელს" უწოდებდა, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი კრემლის მესვეურების დესტრუქციულ მიზნებთან სრულ თანხვედრაში მოდიოდა.

ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენი ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა ევროკავშირს და საფრანგეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვებას უჭერდა მხარს.

"ევროკავშირი არის კატასტროფული ორგანიზაცია, რომელიც ევროპას კლავს... ევროკავშირი შიგნიდან უნდა დაინგრეს და ამისათვის ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო" - ეს სიტყვები  2017 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს ეკუთვნოდა, როდესაც იგი რუსეთისგან დაფინანსებულ წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა.

ფრანგი პოლიტიკოსი დროდადრო არ მალავდა პუტინით აღფრთოვანებას და მას ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანული მემკვიდრეობის დამცველსაც კი უწოდებდა.

2017 წელს, ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ევროპისთვის საფრთხე, მარინ ლე პენმა უპასუხა, რომ "პუტინს არ ჩაუდენია ისეთი არაფერი, რომ მსგავსი დასკვნის გამოტანა გახდეს შესაძლებელი".

ეს მაშინ, როცა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის და სამხედრო დანაშაულის ჩადენის არა ერთი ფაქტი იყო უკვე ცნობილი, მათ შორის 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, 2014 წელს ყირიმის აგრესია, აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის გაჩაღება, "მალაიზიის ავიახაზების" სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება რუსული არმიის კუთვნილი სარაკეტო დანადგარი "ბუკით", რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში.

რუსეთის მიერ ფინანსური ბერკეტებით მართული მარინ ლე პენი უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიას საჯაროდ უჭერდა მხარს და საერთაშორისო დონეზე მის ლეგიტიმაციას ცდილობდა. გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ფრანგი პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ ყირიმი უკრაინას არასოდეს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საკითხი მხოლოდ ადმინისტრაციულ გადაჭრას საჭიროებდა.

2015 წელს რუსი ჰაკერების ("Anonymous International") დახმარებით, საგამოძიებო გამოცემამ "Mediapart"-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის მიმართულების უფროსის მოადგილის ტიმურ პროკოპენკოს და დუმის ყოფილი დეპუტატის კონსტანტინ რიკოვის მიმოწერა გაასაჯაროვა, საიდანაც გაირკვა, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მარინ ლე პენმა კრემლს "იმედები არ გაუცრუა" და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას  მხარი საჯაროდ დაუჭირა.

ყირიმის რეფერენდუმს ლე პენის მაშინდელი საერთაშორისო მრჩეველი და ევროდეპუტატი ემერიკ შოპარდი დაესწრო, რომელიც რუსეთისა და მისი პარტიის საეჭვო ფინანსურ გარიგებებში უშუალოდ მონაწილეობდა. გარდა ამისა, 2015 წელს მარინ ლე პენის პარტიის წარმომადგენელი და ევროპარლამენტარი ჟან-ლუკ შაფხაუზერი "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში" გამართულ უკანონო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლის რანგში მოევლინა.

2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო, რუსეთისთვის დაკისრებულმა საერთაშორისო სანქციებმა, რომლებიც ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებს მოიცავდა, რუსეთის ეკონომიკას ბევრი თავსატეხი გაუჩინა. ერთი მხრივ, კრემლი თავისი პროპაგანდით შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ რუსეთი "სანქციებს შეეჩვია და ფინანსურ პრობლემებს მარტივად უმკლავდება", თუმცა მეორე მხრივ, მოსყიდული ევროპელი "მეგობრებით" სანქციების შემსუბუქებას ცდილობდა.

2017 წელს მარინ ლე პენი კრემლში რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს სპიკერთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ „"გი ყოველთვის  მხარს უჭერდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, რადგან ყოველივე დიდი სისულელე და დიპლომატიური შანტაჟი იყო".   

მარინ ლე პენი მსოფლიოს და პირველ რიგში ევროპას მუდმივად იმაშიც არწმუნებდა, რომ "მოსკოვისგან საფრთხე მოსალოდნელი არ იყო", მაგრამ კრემლის დანაშაულებრივი ქმედებები დღესაც საპირისპიროზე მეტყველებს და შეშფოთების საგნად რჩება.

რუსული შავი ფულით ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების დაფინანსება, ინტერნეტ-ტროლებისა და ბოტების მეშვეობით სოციალურ მედიაზე ზემოქმედება, სოლსბერიში სკრიპალების ქიმიური იარაღით მოწამვლა, ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობა, კიბერშეტევები საქართველოზე, ესტონეთზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე- ეს  რუსეთის მავნებლური და საფრთხის მატარებელი საქმიანობის მაგალითების არასრული ჩამონათვალია, რაც მიზნად, ცალკეული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში უხეშ ჩარევას, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დემონტაჟს და ევროკავშირის, როგორც ერთიანი ორგანიზაციის დასუსტებას ისახავს.

გურამ დვალი