ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, არსებობს ფრთხილი ოპტიმისტური პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება.
ამის შესახებ შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა კონგრესში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
ფაუჩის თქმით, ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კორონავირუსის ვაქცინაზე მეცნიერთა მრავალი გუნდი მუშაობს, რომელთა შორის რამდენიმე განსკუთრებით პერსპექტიული და იმედისმომცემია.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე ან 2021 წლის დასაწყისისთვის შესაძლოა იყოს მზად.
"მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს სამუშაოები მოსალოდნელია, რომ შედეგიანად დასრულდება. თუმცა ძნელია ზუსტად იმის თქმა თუ ეს როდის მოხდება. თუმცა არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იყოს", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.