ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება.
"მივესალმებით, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით მხარდაჭერას, 136 ხმით. იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდება და ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღონ შემდგომ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის განმტკიცების გზა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე!", - წერს კუბილიუსი მიკრობლოგ "ტვიტერზე".
პარლამენტმა 136 ხმით საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
ამასთან, კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.