136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კენჭისყრამდე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.