პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ, იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
დეპუტატმა ცვლილებებთან დაკავშირებით გასული წლის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ 14 ნოემბერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის ჩაგდება შეცდომა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო.
"დღეს არის 21 ივნისი. ერთი წლის წინ ეს დღე იყო ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით და ამან განაპირობა მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის ის იყო ტრაგიკული და ასეთად დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ დღის გამო, ჩვენ ყველამ ერთად მივეცით საზოგადოებას პირობა, რომ შევცვლიდით ამ ქვეყნის მართვის ფორმას და საარჩევნო სისტემა სწორედ ქვეყნის მართვის ფორმაა. ამავე პარლამენტმა გასულ ნოემბერს ეს დადებული პირობა გატეხა და არ შეასრულა. ამით კიდევ უფრო დაამძიმა ის პროცესები, რომელშიც ქვეყანაა და კიდევ უფრო დაამძიმა ბევრი რამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. მეც და ჩემმა კოლეგებმაც რაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დადებული სიტყვა შესრულებულიყო მეტ-ნაკლებად და საზოგადოებას მიეღო ის, რასაცა ის იმსახურებდა - უკეთესი მართვის სისტემა და შეცვლილი მართვის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე მე დავრჩი სერიოზულად იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს მეორედ არ განმეორდება დღეს და დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას მიეკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, თავის პასუხისმგებლობას აიღებს და მისცემს ხმას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის წარმოდგენილი და ქვეყანას ძალიან სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა არ არის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა. ეს ქვეყანა ათწლეულებია დადის ჩაკეტილ წრეზე, სადაც არის ერთპარტიული სისტემა, ერთპიროვნული მმართველობა, იგნორირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა ითვლება მტრობად და გაერთიანების ნაცვლად ქვეყანა მიდის დაყოფისკენ, შიდა მტრობისკენ. ეს არის ძალიან მავნე რამ. ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ განვითარდეს, წავიდეს წინ, იყოს განვითარებული, შემდგარი და სტაბილური სახელმწიფო. ზუსტად ეს მართვის ფორმა უშლის ხელს იმაში, რომ ასეთად იქცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავასრულებთ დღეს და შემდგომ კვირებში, ამ მანკიერ წრეს გავარღვევთ და შევცვლით იმ მართვის ძალიან ცუდ ფორმას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას წინსვლაში ხელს უშლიდა. მადლობას ვუხდი ამ ქვეყნის მეგობრებს, პარტნიორებს, რომელბმაც იმაზე დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის სტაბილურ სტაბილურ განვითარებაში, ვიდრე ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ. კიდევ ერთხელ ვიტოვებ იმედს, რომ აღარ განმეორდება ის, რაც 14 ნოემბერს მოხდა, რაც იყო შეცდომა და დანაშაული ქვეყნის წინაშე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.