საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ დასავლეთ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამფუძნებლის, ლენინის ძეგლი გახსნეს. იტყობინება Deutsche Welle.
ქანდაკების აღმართვის ინიციატორი მცირე ზომის მარქსისტ-ლენინისტური პარტია იყო. ძეგლი სწორედ მათი პარტიის ოფისის წინ გაიხსნა.
ქალაქის ხელმძღვანელობა მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ლენინის ძეგლის აღმართვას და მათ ონლაინკამპანიაც კი წამოიწყეს ჰეშთეგით „ლენინის ადგილი აქ არ არის“.
ქალაქის მერის განცხადებით, ძალიან ძნელია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ქალაქში დიქტატორის ქანდაკება იქნება აღმართული.
საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, რომელმაც არ დააკმაყოფილა ძეგლის მოწინააღმეგეთა საჩივარი და ნება დართო პარტიას დაედგა ქანდაკება.
როგორც იუწყებიან, ქანდაკება 1957 წელს ჩეხი მოქანდაკის მიერ არის შექმნილი და ის პარტიის წევრებმა ონლაინაუქციონზე 16 000 ევროდ შეიძინეს.