ბრაზილია მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. იტყობინება BBC-ი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 032 913 შემთხვევაა აღრიცხული.
გამოცემის ინფორმაციით, არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელება უკან იხევდეს, ან ეპიდსიტუაცია უმჯობესდებოდეს.
კორონავირუსი ბრაზილიაში უაღრესად პოლიტიკური საკითხი გახდა და მემარჯვენე პრეზიდენტ ჯაირ ბოლსონაროს საპასუხო რეაქცია კრიზისზე მკაცრად გააკრიტიკეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მისი უარი მეცნიერული რჩევების შესრულებაზე, როგორიცაა სოციალური დისტანცირება ან კარანტინის დაწესება, ნაწილობრივ მას აკისრებს პასუხისმგებლობას უმძიმეს ეპიდემილოგიურ ვითარებაზე, რამაც 54 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალურად ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვეი ბევრად მაღალია, მაგრამ არასაკმარისი ტესტირების გამო იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
ვინაიდან ბრაზილიის პრეზიდენტმა უარი თქვა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების დაწესებაზე, ცალკეული შტატებისა და ქალაქების თვითმართველმა ხელმძღვანელებმა თავად აიღეს თავიანთ თავზე კარანტინის დაწესება, რამაც რიგ შემთხვევაში ბოლსონაროს განრისხებაც კი გამოიწვია.