„დესტაბილიზაციაში დაინტერესებულია რუსეთი და დესტაბილიზაციაში დაინტერესებულია ე. წ. ნაციონალური მოძრაობის კლასტერი. იქ შედის ევროპული საქართველოც, რაც არ უნდა გაუგებრობა ჰქონდეთ ერთმანეთში დროებითი, ეს ერთი კლასტერია. ამ ორი რეალობის გაერთიანება თვალსაჩინოა“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს მოცემულობა იმდენად თვალსაჩინოა, რომ დამატებით ანალიზსაც აღარ საჭიროებს. მისივე თქმით, დესტაბილიზაცია, არეულობა, დაძაბულობა და მიტინგები არის გამოსავალი და ოპონენტების პოლიტიკური პერსპექტივა. იგივეს აკეთებს რუსეთიც.
„ამ ორივე ფაქტორს იმდენად სერიოზული დასაბუთება გააჩნია, რომ აქ ზედმეტი კითხვებიც არ არსებობს. რუსეთს უნდა დესტაბილიზაცია იმ ქვეყნის, რომელიც არის პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. გადაწყვეტილება რომ იქ, ვიყოთ სადაც ვართ, არის გამომდინარე არა მხოლოდ იქედან, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური პარტიის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ან ჩვენი შინაგანი განწყობით, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ამაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რუსეთი, რომელიც გლობალურ დაპირისპირებაშია შესული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, დასავლურ სამყაროსთან, რასაკვირველია ეცდება, რომ მის მოკავშირეს აქ შეუქმნას პრობლემები და განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველო არის ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი ენერგორესურსების მიწოდებისათვის დასავლურ ბაზრებზე. ჩვენი ოპონენტების დესტაბილიზაციის მიზეზი კი განპირობებულია იმით, რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ პოლიტიკურ ველზე გამარჯვების“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.