სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ, სამსახურის საქმიანობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ შეაფასა. სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას და რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაძლიერებასა და განვითარებაში.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც ორგანო შედგა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, განვითარებისთვის.
ჩვენ ვიცით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით უკვე რამდენიმე წელია სწორად და აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მგონია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი საწყისი ბაზისი იმ ნაწილშიც, რასაც ჰქვია სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება და ამას კიდევ უფრო მეტი უნდა დავაშენოთ. მე ვხედავ, რომ თქვენ გჭირდებათ ხელშეწყობა კადრების დამატების კუთხით, ფინანსურ რესურსების, მატერიალური რესურსების მობილიზების კუთხით, რომ ის რაოდენობა სავარაუდო დანაშაულებისა, რომელიც თქვენთან შემოდის აუცილებლად უნდა იქნას ადეკვატურად გამოძიებული და ამას სჭირდება შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსის უზრუნველყოფა. ამ კუთხით ჩვენ მომდევნო ბიუჯეტის ფარგლებში უნდა გავაძლიეროთ მუშაობა.
ასევე, ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს, რომ მოქალაქეების მზარდი რაოდენობა მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით და სხვა მიმართულებებით, რათა დაიცვან თავის უფლებები და რა თქმა უნდა სამართალდამცავების შესაძლო დანაშაულების გამოძიების კუთხითაც. ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი, რაზეც ჩვენ გვქონდა შეხება იყო არასრულწლოვანის გარდაცვალების გამოძიების საქმე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძალიან სწორად და დროულად მოახდინა რეაგირება“, - განაცხადა კილაძემ.