COVID-19-ის მკურნალობაში "სამეცნიერო გარღვევა" მოხდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.
ამგვარად, მან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონის კლინიკური გამოცდის შედეგები შეაფასა.
"ეს პირველი წამალია, რომელმაც აჩვენა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებაც ჟანგბადით მკურნალობა ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, გარდაცვალების რისკის შემცირება", - აღნიშნა ღებრეიესუსმა და სამეცნიერო მუშაობის შედეგებს "შესანიშნავი ახალი ამბავი" უწოდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ლონდონმა მას წარუდგინა გამოცდის პირველადი შედეგები. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ უახლოეს ხანებში მოუთმენლად ელოდებიან სრული ანალიზის შესახებ ინფორმაციას.
გუშინ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.
"ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ამ წამლის გამოცდამ, ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მედიამ გავრცელა.
ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10 დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.
დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვლევის შედეგებს "ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა" უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.
გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.