გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
"აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერორტრიიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანია "ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, 12 ივნისს სუს-ის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენ, რუსეთის მოქალაქეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული.
"ფორმულას" ინფორმაციით, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა.
სანდო წყარო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან ტელეკომპანია "ფორმულას" უყვება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.