პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის საელჩოს ლუგარის ლაბორატორიის შექმნისთვის და განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით საქართველო ამერიკის დახმარების გარეშე ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა.
"გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე და მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანა სათანადოდ იყო მომზადებული.
"ჩვენ დღეს თუ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ მაგალითად NCDC ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუ NCDC მაგალითად ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში 100-150 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 PCR ტესტი. ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.