საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ჰეიკო მაასთან.
საუბრისას მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები.
საუბრის დასაწყისში ჰეიკო მაასმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა ქართული მხარის მიერ პროცესის ეფექტიანი მართვა. ასევე, ხაზი გაესვა სოლიდარობის მნიშვნელობას რეგიონში, როგორც პანდემიის შემდგომი პრევენციის, ისე უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების თვალსაზრისით.
დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს იმ დახმარებისთვის, რომელიც მან გაუწია საქართველოს, როგორც უშუალოდ ვირუსის გავრცელების ეტაპზე წარმოქმნილი საჭიროებების, ისე პანდემიით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების აღმოსაფხვრელად.
შეთანხმდნენ რომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოსტ-კრიზისულ ვითარებაში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაა.
მინისტრ ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებით და ემზადება საერთაშორისო ტურისტების ეტაპობრივად, ე.წ. მწვანე დერეფნების პრინციპით მისაღებად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მან იმედი გამოთვა, რომ საქართველო, ტრადიციულად, ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა იქნება გერმანელი ვიზიტორებისთვის.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადებით, გერმანია მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო რეკომენდაციებზე და ევროკავშირის მიერ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ, უახლოეს მომავალში უკვე საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის საკითხს პოზიტიურად უყურებს.
საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან გერმანია 6 თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. მინისტრმა მაასმა აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანია „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს. დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო თავის კოლეგას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონტექსტში ქართული მხარის პოზიციები და მოლოდინები.
მინისტრმა ზალკალიანმა გერმანელი კოლეგის ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მათ შორის, გააცნო საოკუპაციო ძალების მიერ პანდემიის პირობებში ადგილზე განხორციელებული უკანონო ქმედებები, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული მოქმედება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის როლს საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის განმტკიცების საკითხში.
ფოტო: Sean Gallup/Getty Images