დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღე, რომელსაც ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს ზეიმობენ, კორონავირუსის პანდემიის გამო მოკრძალებულად აღნიშნეს.
დედოფლის პატივსაცემად მცირე სამხედრო მარში, მრავალწლოვანი ტრადიციის დარღვევით, უინძორის ციხე-სიმაგრის ეზოში გაიმართა. ჩვეულებისამებრ, მისი უდიდებულესობის ოფიციალურ დაბადების დღეს მასშტაბურად, ლონდონსა და ბუკინგემის სასახლეში აღნიშნავენ.
დედოფალი ელისაბედ II თავის ნამდვილ დაბადების დღეს 21 აპრილს აღნიშნავს, წელს ის 94 წლის გახდა.
ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, იმართება აღლუმი, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება.
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, დედოფალი მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან ერთად უინძორის ციხე-სიმაგრეში იმყოფება.