საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში უკრაინის ელჩს საქართველოში სთხოვა, დოკუმენტურად წარმოადგინოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რიგითი მოქალაქეა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციას იკავებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია და ოფიციალური კორესპონდენციის მოლოდინშია.
„ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის მხრიდანაც, რომ არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, საჯარო მოხელეც კი არ არის.
ამ დროს, თავდაპირველად ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ დანიშნულია საკმაოდ მაღალ პოზიციაზე და რომ მისთვის მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ჩვენი პირველი კითხვა, რაც უკრაინელ ელჩთან იყო, წარმოედგინა დოკუმენტალურად, თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
რაც შეეხება საქართველოს ელჩს უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც თბილისში კონსულტაციებისთვის არის გამოწვეული, ზალკალიანი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება ის კიევში. დავით ზალკალიანის თქმით, ელჩმა კონსულტაციები უნდა გაიაროს არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ შესაბამის უწყებებთან და ეს პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.
11 ივლისს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.