"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მისი ხელისუფლებაშ ყოფნის დროს მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ამის შესახებ ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, "როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით მედია თავისუფალი იყო?" - გიგა ბოკერიამ ასე უპასუხა:
"არა, არასაკმარისად, ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, სატელევიზიო მედიაში ცალკეული ტელევიზიები დომინირებული იყო, ბოლოს კი, მთლიანად პრო-სახელისუფლებო პოზიციით".
გიგა ბოკერიას თქმით, მას მედიის თავისუფლების საკითხში უარყოფითი როლი ჰქონდა.
"უარყოფითი როლი მქონდა ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელისუფლებაშია, მაშინ, როდესაც მედიას აკრიტიკებს. ასევე, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და დემოკრატიის ტრადიცია არ გაქვს და ყველა სიტყვას შეიძლება ქმედება მოჰყვეს, აუცილებლად ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. ეს გამოცდილება, სამწუხაროდ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე მეც დავაგროვე და მთლიანად ჩვენმა გუნდმაც...
ჩვენი მოქმედების შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის გააზრება, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული. მე რაც ვთქვი მედიის თავისუფლებაზე, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო - ეს სერიოზული თვითაღიარებაა. მაგრამ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის პრობლემები, რომელიც სხვა ხასიათის არის. წინ კი არ წავიწიეთ ამ თვალსაზრისით, ამ ტელევიზიის ისტორიაც ამის ნაწილია. ამდენი წლის მერე გვაქვს იგივე პრობლემები, რაც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო, ვგულისხმობ ცენზურას, ის, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მძიმე პრობლემად დადგა, ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ ამდენი წლის შემდეგ, წინ ვერ წავიწიეთ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.