საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განმარტებით, "ევროპელმა ლიდერებმა მათ სიმშვიდის შენარჩუნება ურჩიეს.
"ევროპა გვირჩევს, რომ ვიყოთ მშვიდად. ელჩებს ვკითხეთ, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა ჩვენს მოქალაქეებს ბატკნებივით იტაცებენ და რუსეთთან ვერაფერს მივაღწიეთ. იმედია, ევროკავშირი დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში და სისხლისღვრის თვაიდან აცილებაში", - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გია თორთლაძ განცხადებით, ის იმ საკითხით დაინტერესდა, როდის შეძლებენ ევროპელი მონიტორები კონფლიქტურ რეგიონებში შესვლას.
"პასუხად მივიღეთ, რომ ევროკავშირი ამ კუთხით მუშაობს და კონფლიქტურ რეგიონებში შესვლის მიღწევას ცდილობს", - განაცხადა თორთლაძემ.
რაც შეეხება ჯონდი ბაღათურიას, რომელიც შეხვედრაზე ასევე საპარალმენტო ოპოზიციას წარმოადგენდა, მისი თქმით, ევროკავშირს კარგად ესმის, რომ აგვისტოს მოვლენები ეს არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ სახელმწიფოთაშორის გეოპოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტიიყო.
"აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის მისიის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა კარგია, მაგრამ ის საკმარისად ეფექტური არ არის. მისია უნდა გააქტიურდეს და უფრო ეფექტური გახდეს როგორც რაოდენობით, ისე შინაარსის მხრივ", - განმარტა ბაღათურიამ.
საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ევროპელი ელჩები საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამის ბოლო ნაწილის შესაბამისად, ევროპელი ელჩები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტს დაესწრებიან, რითაც ისინი თბილისში ვიზიტს ოფიციალურად დაასრულებენ. ევროპელი ელჩების დელეგაცია თბილისს 14 ნოემბერს დატოვებს.