"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ელჩებთან შეხვედრისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული დროით უკმაყოფილო დარჩა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 45 წუთი მცირე დრო იყო იმისთვის, რომ დიპლომატებისთვის ოპოზიციას ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა.
"ეს ხელსუფლების მხრიდან სპეციალურად იყო გაკეთებული, რათა ოპოზიციას ელჩებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება ვერ მოესწრო", - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელმაც უკმაყოფილება არც ევროპელი დიპლომატების მიმართ დამალა და აღნიშნა, რომ მათთვის კონცერტზე წასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპოზიციასთან შეხვედრა.
რაც შეეხება შეხვედრაზე გახმოვანებულ ძირითად მესიჯებს, ზურაბიშვილის განმარტებით, მან სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელი კონფრონტაციის საფრთხეზე ისაუბრა.
"ჩემი ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ სააკაშვილის მხრიდან არსებობს სერიოზული კომფრონტაციის საფრთხე, ამისთვის მას სჭირდება მტერი, რომელიც რუსეთის სახით უკვე ჰყავს. ორივე მხარე აწყობს პროვოკაციებს, რომელიც შესაძლოა კონფრონტაციაში გადაიზარდოს", - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.