ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, გარკვეულ კვლევებს ვატარებთ და გვაქვს წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ ცოტა მაღალია ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ჩვენი პარტიის შემთხვევაში რეიტინგთან დაკავშირებით, იქ არის 9% გადაუწყვეტელი, იქ ალოკაცია შეიძლება გაკეთდეს და მაშინ დაახლოებით ერთი და იგივეა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ GORBI-ს კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა დადგა ძალიან მძიმე გამოცდის წინაშე და ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარებამ საზოგადოებრივ განწყობაზე გარკვეული კვალი დატოვა.
„ვირუსი ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ანტიკრიზისულმა გეგმამ პრემიერ გახარიას მეთაურობით ყველაფერს თავისი წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო, თუმცა არასდროს ყოფილა, არც ერთ კრიტიკულ შემთხვევაში, რომ 40%-მდე შემცირებულიყოს. დღევანდელი მონაცემები გამოწვეულია იმით, რომ ეს გამოცდა ხელისუფლებამ ჩააბარა წარმატებით და ეს აისახკა რეიტინგებზე“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.