შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს მკაცრი რეგულაციებით და დახურვით ემუქრება, თუ ისინი არ შეწყვეტენ "კონსერვატორთა ხმების დახშობას".
"რესპუბლიკელები გრძნობენ, რომ სოციალური ქსელები მთლიანად ახშობენ კონსერვატორთა ხმებს. გვირჩევნია, უმკაცრესი რეგულაციები დავუწესოთ მათ ან სულაც დავხუროთ, ვიდრე ამას დავუშვებთ. ჩვენ ვნახეთ, თუ რის გაკეთებასაც შეეცადნენ ისინი 2016 წელს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ვერ დავუშვებთ, რომ მსგავსი მცდელობები კვლავ გაგრძელდეს", - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერში".
ტრამპის კრიტიკა მოჰყვა მიკრობლოგ "ტვიტერის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვივითაც ტვიტერის ადმინისტრაცია მომხმარებელს ურჩევდა, გადაემოწმებინათ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ პოსტში გამოქვეყნებული მოსაზრება, რაც არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემას ეხებოდა.
დონალდ ტრამპი წერდა, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული.