მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრა "შენ ხარ მართალი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "არენა" იმ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ბოლო რვა წლის განმავლობაში განახორციელა.
მისი თქმით, ამას ძალიან აფასებს ევროპული სასამართლო და არაერთ შეხვედრაზე აღნიშნავენ ხოლმე, როგორც "ქართულ პოლიტიკას" და ქართულ საუკეთესო მაგალითს.
"მეგობრული მორიგების ინსტიტუტს წინა ხელისუფლებაც იყენებდა, ოღონდ, მთელი 9 წლის განმავლობაში ასეთი 10 აქტი იყო. ჩვენს დროს, ჯერ 8 წელია გასული და 137 საქმეზე მოვრიგდით მოქალაქესთან და ვუთხარით "შენ ხარ მართალი". აი, ასეთი ხელისუფლება ვართ ჩვენ. ამას სისუსტეში გვითვლიან ხოლმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრა "შენ ხარ მართალი". ამას ძალიან აფასებს ევროპული სასამართლო და არაერთ შეხვედრაზე ამას აღნიშნავენ ხოლმე, როგორც "ქართულ პოლიტიკას" და ქართულ საუკეთესო მაგალითს.
ჩვენ რეფორმების ოთხივე ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ და ეს ხუთივე, ძირეული რეფორმა იქნა როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა, დასავლელი პარტნიორების მიერ უმნიშვნელოვანესად და დადებითად შეფასებული. რეფორმების პირველმა სამმა ტალღამ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის მოგვეწერა ხელი. სხვა მხრივ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. რეფორმების მეოთხე ტალღაც, ასევე, ძალიან პოზიტიურად შეფასდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.