ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი, სადაც მსჯელობდნენ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ცნობილ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაის დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.