მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის შეფასებით, კორონავირუსის გამო, შესაძლოა, 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს. იტყობინება BBC-ი.
დევიდ მალპასის განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკა, პანდემიის გამო, 5%-ით შემცირდება.
ეკონომიკურ ვარდნას განაპირობებს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, რამაც თავის მხრივ, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა და ბიზნესის დაზარალება გამოიწვია. განსაკუთრებული სიმძიმით ეს ღარიბ ქვეყნებზე აისახება.
"ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება - ეს წაშლის ყველა პროგრესს, რასაც სიღარიბის შემცირებაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკიდურესი სიღარიბეა, როდესაც ერთი ადამიანი დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს.