ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა, ევროპელ დიპლომატებთან ადამიანის უფლებების, თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატიის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
"მათ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზედაც უკვე ორი წელია ვსაუბრობთ", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის, სოზარ სუბარის განმარტებით კი შეხვედრაზე ორი მთავარი თემა იყო განსახილველი: დემოკრატიის პრობლემა საქართველოში და რუსეთის აგრესია.
"დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, სასამართლო პრაქტიკულად ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გვყავს პოლიტპატიმრები და ხდება ადამიანების დევნა. რუსეთის აგრესიაზედაც ვისაუბრეთ, თუმცა ისიც ვთქვით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია, თუ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება არ მოხდება", _ განმარტა სუბარმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელ ელჩებთან შეხვედრას გაჩეჩილაძის და სუბარის გარდა სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურაჯნაძე, ეკა ბესელია, მანანა ნაჭყებია, დავით უსუფაშვილი და კახა კუკავა ესწრებოდნენ.
ამ წუთებში ევროპელი ელჩები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.