ანაკლიის მატარებელი ამათ ხელში რუსეთზე გაივლის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძემ პროექტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ანაკლია სოხუმში დასაბრუნებლად პირველი გაჩერება უნდა იყოს.
„სწორედ ამ მენტალობამ, რუსულმა ძალამ და პიროვნულმა შუღლმა გააჩერა ჩვენს ქვეყანაში საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩემმა პარტნიორებმა, ინვესტორებმა აშშ-დან, ჰოლანდიიდან, უზბეკეთიდან, ჩადეს 80 მილიონი დოლარი და მათ უსირცხვილოდ გააჩერეს ეს პროექტი, რომელიც 10 ათასობით სამუშაო ადგილს ქმნიდა ე.წ. სასაზღვრო ზოლთან. ანაკლიის ქალაქი, რომელიც დააფინანსა იაპონიის მთავრობამ და ამ დროს იაპონიის მთავრობა ამბობს, რომ თავისი საწარმოების გამოტანა უნდათ, კავშირს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ ამ სინერგიას? რა შეიძლება მოჰყვეს ამას ჩვენი ხალხისთვის? ჩვენი სოხუმში დაბრუნებისთვის პირველი გაჩერება უნდა იყოს ანაკლია. ჩვენ უნდა შევქმნათ იქ ისეთი ოაზისი, ისეთი სამუშაო ადგილები და პერსპექტივა, რომ აფხაზები უნდა დაიძრნენ და ანაკლიაში დაიწყონ მუშაობა. მაშინ იქნება ჩვენი გამარჯვება და მაშინ მოხდება ახალი ფანჯრის გახსნა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაში. პიროვნულ დაპირისპირება უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა?! როგორ გაბედა ხაზარაძემ რომ ივანიშვილზე თქვა ის, რასაც ფიქრობს. ყოველთვის ვიტყვი, ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის და ვინმე კონკრეტული ადამიანის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.