ENG / RUS       12+

ვინ მიიღებს დახმარებას და კომპენსაციას?

დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ მათ ყოველთვიურ ხელფასს.

აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველი სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

ინფორმაციაში მიეთითება:

• დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

• დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

• დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, საწარმოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან ბაზას და უგზავნის სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.

მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია "ა"-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია "ბ"-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გასცა ხელფასი.

ამ შემთხვევაში, ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში. დამქირავებელს საშუალება აქვს დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური სააგენტოს უგზავნის დაზუსტებულ სიას.

სააგენტო, შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიაში არსებულ პირებზე ახორციელებს საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას შესაბამისი თვის 30 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა.

შესაძლო კითხვები:

• დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

- მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.

• ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

- კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.

• ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

- უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს - info@rs.ge, T. 2 299 299.

თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:

• ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;

• ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება იქნება უფრო გამარტივებული და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

• მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.

• პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან;

• ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას.

საკომპენსაციო სიაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიებიდან არ შევლენ ის ფიზიკური პირები, რომლებზეც 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა ან/და ეს პირები ფიქსირდებიან დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებში (ვინც დაკარგა ხელფასი).

შესაბამის ინფორმაციას შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა აწვდის სააგენტოს.

ამავდროულად, სიაში მყოფი პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე.

ამ კატეგორიის პირებისთვის არაუგვიანეს 2020 წლის 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

• სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

• საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

• საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის პირადი ნომერი არ არის საკომპენსაციო პირთა სიაში, სააგენტო ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს. განმცხადებელს საშუალება აქვს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრისგან - info@rs.ge, T. 2 299 299. 2.

იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

• სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

• საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

• საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

• ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;

• 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:

    1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);

    2. 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

    3. მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;

    4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში.

კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს? რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

• ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და რომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში (შესაბამისად ეს პირი ვერ მოხვდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ საკომპენსაციო პირთა სიაში) - აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;

• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;

• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაყავდა საჯარო სკოლაში და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;

• პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს; - უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);

• პირი, რომელიც დღიურად აქირავებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) - უნდა წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);

• პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს - უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);

• პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე - კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება;

• ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ეკონომიკური აქტივობა ან/და ჰქონდა შემოსავალი და შეძლებს ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით);

ზემოაღნიშნული 3 კატეგორიის კომპენსაციიდან/შეღავათიდან პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთით.

სოციალურად დაუცველი პირები:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები აღნიშნულ პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა.

სოციალური მომსახურების სააგენტო, მის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველთვიურად უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვას ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის ერთ წევრზე.

საკომპენსაციო თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე შეადგენს თვეში 35 ლარს და შესაბამისად მისი ჩარიცხვა მოხდება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ:

• ერთ წევრიან ოჯახზე თვეში კომპენსაცია იქნება 70 ლარი;

• 2 წევრიან ოჯახზე - 90 ლარი;

• 3 წევრიან ოჯახზე - 105 ლარი;

• 4 წევრიან ოჯახზე - 140 ლარი;

• 5 წევრიან ოჯახზე - 175 ლარი;

• 6 წევრიან ოჯახზე - 210 ლარი;

• 7 წევრიან ოჯახზე - 245 ლარი;

• 8 წევრიან ოჯახზე - 280 ლარი;

• 9 წევრიან ოჯახზე - 315 ლარი;

• 10 წევრიან ოჯახზე - 350 ლარი;

• 11 წევრიან ოჯახზე - 385 ლარი;

• 12 წევრიან ოჯახზე - 420 ლარი;

• 13 წევრიან ოჯახზე - 455 ლარი;

• 14 წევრიან ოჯახზე - 490 ლარი;

• 15 წევრიან ოჯახზე - 525 ლარი;

კომპენსაციის ჩაირიცხება ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ სს “ლიბერთი ბანკის” ანგარიშებზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი16 წლის ჩათვლით ბავშვი

აღნიშნულ პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა.

სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ბავშვებზე დანიშნულ დახმარებასთან ერთად, ამ ოჯახებს დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

აღნიშნულ პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა.

სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ამ პირების სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს.

შშმ პირების, 65 00-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება შესაძლებელია ერთდროულად.

მაგ: თუ 6 სულიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80000, ჰყავთ სამი 16 წლამდე ბავშვი და ამავდროულად ოჯახის ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი ან შშმ ბავშვი, ასეთი ოჯახი მიიღებს სამივე დახმარებას და ოჯახის ჯამური საკომპენსაციო პაკეტი შეადგენს 2 460 ლარს, რომელიც ჩაერიცხება 6 თვის განმავლობაში, თვეში 410 ლარის ოდენობით.

შშმ პირების, 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება არ ზღუდავს დამატებით ერთერთის - საგადასახადო შეღავათის, დაქირავებით დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.