პროპაგანდისტული ნაბიჯი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.
"ასეთი საკითხები ურთიერთობების ფარგლებში რომლებიც ცივილიზებულ პარტნიორებს შორის არსებობს წესით ორმხრივ საფუძველზე უნდა განიხილებოდეს. ხოლო იმ სახით, რა სახითაც, როგორც ჩანს, ამის გაკეთება იგეგმება, ეს უფრო პროპაგანდისტულ ნაბიჯს გავს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა დღეს მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა ასევე გაუსვა ხახი, რომ რუსულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება არ უნახავს. "მე გავიგე, რომ ეს ახალი ამბავი საინფორმაციო სააგენტოებმა გადმოსცეს", _ განაცხადა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე არკადი ევდელევმაც გააკეთა და საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას "პროვოკაცია' უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ითვალისწინებს, რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.