დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 94-ე დაბადების დღეს უჩვეულოდ აღნიშნავს. რაც მისი მმართველობის 68 წლის განმავლობაში პირველად ხდება.
ამჟამად დედოფალი თავის 98 წლის მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად უინძორის ციხე-სიმაგრეში იმყოფება. მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამეფო ოჯახმა მაქსიმალურად შეზღუდა სოციალური კონტაქტები და უახლოეს ნათესავებსაც კი არ ხვდება, რომლებიც ასევე იზოლირებულნი არიან თავიანთ რეზიდენციებში.
ელისაბედ მეორეს დაბადების დღეს პირადად მხოლოდ ქმარი მიულოცავს და კიდევ სასახლის რამდენიმე წარმომადენელი. სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს კი მისთვის დღესასწაულის მილოცვა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით მოუწევთ.
პირველად ისტორიაში ელისაბედ მეორის დაბადების დღე არ აღინიშნება იარაღიდან გასროლით, დედოფალმა მისი გაუქმება გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ეს უადგილო იქნებოდა ეპიდემიის დროს, როდესაც ათასობით ადამიანი იღუპება.
ასევე გაუქმდა დედოფლის ოფიციალური დაბადების დღის საზეიმო ვითრებაში აღნიშვნა, რომელიც ტრადიციულად ივნისში იმართება. მარტის ბოლოს ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ 13 ივნისს დაგეგმილი ტრადიციული აღლუმი გაუქმდა.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღინიშნება, ის ნამდვილ დაბადების დღეს, 21 აპრილს ოჯახურ წრეში ზეიმობს. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.